


აკვარიუმი
ლამაზი და იდუმალი წყალქვეშა სამყარო უხსოვარი დროიდან იზიდავს ადამიანს. ნეტავ რა არის იქ, შორს, წყლის სიღრმეში? ლეგენდარული პირანიები? გველისმაგვარი მურენები? მარჯნის რიფების მრავალფერა თევზები?.. წყალქვეშეთი არცთუ ისე ადვილად გვიმხელს საიდუმლოებებს. მაგრამ ადამიანიც ვერ დაივიწყებს თავის ოცნებას. და თუმცა ყველას არ ეძლევა ბედნიერება აკვალანგაკიდებული დატკბეს წყალქვეშა სამყაროს სილამაზით, სამაგიეროდ ნებისმიერს ძალუძს გამართოს აკვარიუმი და ამ სამყაროს ნაწილი საკუთარ სახლში გადმოიტანოს.

აკვარიუმითა და მისი ბინადრებით გატაცებას აკვარიუმისტიკა ეწოდება. ოფიციალური განმარტებით, აკვარიუმისტიკა ჩაკეტილ ხელოვნურ წყალსაცავში ეკოსისტემის მოდელირებასთან დაკავშირებული საქმიანობაა. თუმცა ეს განმარტება ვერ იტევს თანამედროვე აკვარიუმისტიკის სრულ მნიშვნელობას და დანიშნულებას. უპირველეს ყოვლისა, აკვარიუმი – სილამაზეა. იგი ქმნის შინაგანი სამყაროს განუმეორებელ ჰარმონიას და დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანის გუნება-განწყობაზე. აკვარიუმი წარმოადგენს თანამედროვე ინტერიერის დეკორატიულ ელემენტს, რის გამოც ხშირად იყენებენ დიზაინერული გადაწყვეტილებებისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მომენტი: აკვარიუმი გაძლევთ საშუალებას შექმნათ საკუთარი, უნიკალური სამყარო, რომელშიც ყველაფერი თქვენი წესების მიხედვით მოქმედებს. თუმცა ამ უკანასკნელ (ფსიქოლოგიურ) ფაქტორზე უფრო დეტალურად უნდა შევჩერდეთ, რადგან თუნდაც პირადი, თუნდაც პატარა სამყაროს შექმნა, გარკვეულ ცოდნას და ძალისხმევას მოითხოვს. ეს აუცილებელი პირობაა, რათა ამ სამყაროს ბინადრები თავს კომფორტულად გრძნობდნენ. მხოლოდ კომფორტულ პირობებში გამოვლინდება მათი შეფერილობის სილამაზე და ქცევის თავისებურება, და თქვენი აკვარიუმი ნამდვილ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

აკვარიუმი ბუნებრივი წყალსატევის მცირე მოდელია და მასში აუცილებელია ბუნებრივი წყალსატევის არსებობის მთავარი ფაქტორის – ბიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება. აკვარიუმთან მიმართებაში ეს ტერმინი აღნიშნავს სისტემის დაბალანსებულ მდგომარეობას, რომლის დროსაც თევზებისა და აკვარიუმის სხვა ბინადრების ცხოველქმედების შედეგად გამოყოფილი ნივთიერებები იქნება დაშლილი და ათვისებული (ბაქტერიების მიერ) ან სისტემიდან ამოღებული (ფილტრაციითა და წყლის ნაწილის შეცვლით) იქამდე, სანამ ტოქსიკურ თვისებებს შეიძენენ და უარყოფითად იმოქმედებენ აკვარიუმის ბინადრებზე. ცოტა რთულად და ზედმეტად «მეცნიერულად» ჟღერს, ხომ? მაშინ ესე ვთქვათ: სამოყვარულო აკვარიუმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საკმარისია შემდეგი პირობების დაცვა:





და მაინც რამდენი თევზი შეიძლება მოვათავსოთ აკვარიუმში? რა სიხშირითა და რაოდენობით ვცვალოთ წყალი? როგორ და რით ვკვებოთ თევზები? ამ და მრავალ სხვა კითხვაზე პასუხს იპოვით ჩვენი საიტისა და ფორუმის გვერდებზე.
