აკვარიუმის ადგილმდებარეობა

აკვარიუმის შეძენამდე უნდა შეირჩეს მისი განთავსების ადგილი. საშუალო და დიდი აკვარიუმები მიზანშეწონილია დავდგათ ბინის საყრდენ კედელთან. ეს მომენტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ღებულობს ძველ ბინებში, სადაც იატაკს ადამიანის წონის ქვეშ გაღუნვისა და დრეკადობისკენ აქვს მიდრეკილება. აკვარიუმის მოთავსება იატაკის მონაკვეთზე, რომელიც ბინაში მცხოვრები ადამიანების მოძრაობის გამო პერიოდულად იხრება ან იდრიკება, მნიშვნელოვნად ზრდის მინების შემაერთებელი სილიკონის ნაკერის დაზიანების ალბათობას. ამიტომ აკვარიუმის განთავსებამდე აუცილებლად უნდა შეფასდეს იატაკის მდგომარეობა.

აკვარიუმის მდებარეობა

აკვარიუმი არ უნდა იდგას ფანჯარასთან, ვინაიდან ამ შემთხვევაში რთულია განათების ხანგრძლივობის რეგულირება. ეს გამოიწვევს მინებზე წყალმცენარეების გაჩენასა და წყლის «ყვავილობას». ზაფხულში, მზის პირდაპირი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედების გამო, წყლის ტემპერატურა მნიშვნელოვნად ასცდება ნორმას, რაც უარყოფითად იმოქმედებს თევზებსა და მცენარეებზე. თუ მაინც გიწევთ აკვარიუმის ფანჯარასთან განთავსება, ბუნებრივი სინათლის დოზირებისთვის გამოიყენეთ სქელი ფარდები ან ჟალუზები.

აკვარიუმი კედელთან

უმეტეს შემთხვევაში აკვარიუმს კედელთან, ოთახის კუთხესთან ახლოს ათავსებენ. ასეთი განლაგება საკმაოდ პრაქტიკულია, ვინაიდან აკვარიუმი და მისი სადგამი რაციონალურად იყენებს საცხოვრებელი ფართის ნაწილს. მაღალი სადგამი დამატებითი სიმყარისთვის შეგვიძლია კედელზე მივამაგროთ. ოთახის კედელი აკვარიუმის უკან ქმნის ერთგვარ ფონს. ასეთი ფონის მქონე აკვარიუმი ყოველთვის უფრო ეფექტურად გამოიყურება, ვიდრე გამჭოლი აკვარიუმი. ზოგჯერ აკვარიუმს კუთხეებიდან მოშორებით, კედლის ცენტრალურ ნაწილთან დგავენ. ეს საშუალებას იძლევა მასზე დაკვირვება სამი მხრიდან ვაწარმოოთ.

სად დავდგათ აკვარიუმი

თუ ოთახი საკმაოდ დიდია, შეგვიძლია აკვარიუმი კედლიდან მოშორებით, ოთახის ცენტრში განვათავსოთ. ამ შემთხვევაში წყლის ბინადრებზე დაკვირვება ოთხივე მხრიდან იქნება შესაძლებელი. უმეტესად ამ მიზნით იყენებენ აკვარიუმ-კუბს, რომლის ყველა გვერდის ზომა ერთმანეთის ტოლია. აკვარიუმის ამგვარი განთავსება შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა დიზაინერული გადაწყვეტილებებისთვის. მაგალითად, მის გარშემო შეიძლება განლაგდეს რბილი პუფები და მოეწყოს უფროსების ან ბავშვების დასვენების ზონა.

გრძელ, მაღალ და შედარებით ვიწრო აკავრიუმებს ზოგჯერ კედლის პერპენდიკულარულად დგავენ და საცხოვრებელი ფართის გადასატიხრად იყენებენ. ასეთი აკვარიუმი-შირმა უმეტესად გამჭოლია და მასზე დაკვირვება ორი, ზოგჯერ კი სამი მხრიდანაც არის შესაძლებელი. შირმას უხდება მაღალი მცენარეები და მაღალტანიანი თევზები (სკალარიები, დისკუსები).

აკვარიუმი ტიხარი

აკვარიუმი კედელზე

დასაკიდი აკვარიუმი ანუ აკვარიუმი-სურათი ასევე ვიწრო და მაღალი, მაგრამ შედარებით მცირე ზომისაა. მისი სიგანე იშვიათად აღემატება 20 სმ-ს, ხოლო მოცულობა კი 80 ლიტრს. ნამდვილ სურათთან მსგავსების შესაქმნელად წინა მხრის მთელ პერიმეტრზე უმაგრებენ ხის ან პლასტმასის ჩარჩოს. ჩამოსაკიდ აკვარიუმს უხდება წვრილფოთლიანი მცენარეები და პატარა გუნდური თევზები (ქარაცინები, ბარბუსები). ზედაპირის მცირე ფართობისა და წყლის მაღალი სვეტის გამო აკვარიუმ-სურათში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მუდმივ ხელოვნურ აერაციას.

დასაკიდი აკვარიუმი

აკვარიუმი მაგიდაზე

მცირე ზომის ნანო-აკვარიუმებმა მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გული მოიგეს. ლამაზი ფორმის, კომპაქტურ წყლიან კუბებსა და ცილინდრებს ვხედავთ როგორც სახლებში, ასევე ოფისებში, სასტუმროებსა და აეროპორტებში. მინი-აკვარიუმები ადვილად თავსდება მაგიდაზე, ტუმბოზე, წიგნების თაროზე ან კარადის ნიშაში. მართალია ასეთ მცირე მოცულობაში აკვარიუმის თევზების უმეტესობა ვერ იარსებებს, მაგრამ სათანადო მზრუნველობის შემთხვევაში ნეონები, ტეტრები, გუპები და მამლაყინწები თავს მშვენივრად გრძნობენ.

მაგიდის აკვარიუმი

აკვარიუმი კედელში

აკვარიუმი შეიძლება ჩაშენებული იყოს კედელში არსებულ ნიშაში, ან ოთახების გამყოფ კედელში. უკანასკნელ შემთხვევაში აკვარიუმი გამჭოლია და მასზე დაკვირვება ორივე ოთახიდან არის შესაძლებელი. უმეტესად ასეთი აკვარიუმები დიდი ზომისაა. მათი სიგანე კედლის სისქის ტოლია, ხოლო სიგრძე კი შეიძლება რამოდენიმე მეტრს აღწევდეს. მთავარი მომენტი, რომელიც გასათვალისწინებელია ჩაშენებული აკვარიუმის დაგეგმვის დროს: აკვარიუმის ზედაპირსა და კედელს შორის უნდა დარჩეს საკმაო ცარიელი სივრცე (მინიმუმ 30 სმ), რათა მომავალში თავისუფლად შეძლოთ აკვარიუმის მომსახურება.

აკვარიუმი ბინაში