აკვარიუმის გაფორმება

აკვარიუმის გაფორმება ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა, რომლის გადაწყვეტაც უწევს აკვარიუმისტს. ამ დროს უნდა გამოავლინოთ დიზაინერული ხედვა, მიყვეთ დეკორირების არჩეულ სტილს და არ დაკარგოთ ზომიერების შეგრძნება. აკვარიუმის დიზაინის სილამაზეს განაპირობებს მისი შემადგენელი ელემენტების (თევზები, მცენარეები, გრუნტი, ქვები, დეკორაციები) ჰარმონიული შეთავსება. წყალქვეშა ლანდშაფტების შექმნის ხელოვნებას აკვასკეიპინგი ეწოდება.

გრუნტი აკვარიუმის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესთეტიკური როლის გარდა, მას ფუნქციონალური დატვირთვაც აქვს: წარმოადგენს სუბსტრატს მცენარეებისა და მიკროორგანიზმებისთვის, აწარმოებს წყლის მექანიკურ და ბიოლოგიურ ფილტრაციას. გრუნტი შეიძლება იყოს ბუნებრივი (ქვიშა, ღორღი, ხრეში) და ხელოვნური. უპირატესობას ანიჭებენ მომრგვალო ფორმის გრანულებისგან შემდგარ გრუნტს. გრანულების ოპტიმალური ზომაა 2-8 მმ. გრუნტის ფერი შეიძლება ნებისმიერი იყოს და დამოკიდებულია დიზაინერულ ჩანაფიქრზე. ქვებიდან აკვარიუმში ძირითადად გამოიყენება ფიქალი, გნაისი, კვარციტი, მარმარილო, გრანიტი, კირქვა და ქვიშაქვა. ზოგჯერ მათგან მღვიმეებსა და გამოქვაბულებს აწყობენ, რომელთაც თევზები თავშესაფრად და გასამრავლებლად იყენებენ.

აკვარიუმის გაფორმება

აკვარიუმის გასაფორმებლად ხშირად გამოიყენება წყალში ჩაძირული ხის ტოტები და ფესვები. მეტი ეფექტურობისთვის მათზე ზრდიან იავას ხავსს. დეკორატიული დანიშნულების გარდა, ტოტები და ფესვები მშვენიერ თავშესაფარს წარმოადგენს პატარა ზომის თევზებისთვის; ზოგიერთი სახეობა მათ საკვებად, ზოგი კი ქვრითის დასადებ სუბსტრატად იყენებს. აკვარიუმებში უმეტესად გამოიყენება ფოთლოვანი ხეების ტოტები (წიფელი, ტირიფი, ნეკერჩხალი, ვაშლი და სხვა).

ხშირად აკვარიუმისტები ცდილობენ აკვარიუმის უკანა კედელს შეუქმნან ფონი. ასეთი აკვარიუმი გამჭოლ აკვარიუმთან შედარებით უფრო ეფექტურად გამოიყურება. ბუნებრივ ფონად გამოიყენება მცენარეების ზოლი ან ქვებით აგებული კომპოზიცია. ხელოვნური ფონი უკანა კედელს ეწებება. იგი შეიძლება იყოს ბრტყელი ან მოცულობითი.

აკვარიუმის დიზაინი

აკვარიუმის ინტერიერის გასაფორმებლად ასევე გამოიყენება: ნიჟარები, მარჯნები, თიხის ქოთნები, ქოქოსის კაკლის ნაჭუჭი, ხელოვნური და ბუნებრივი მცენარეები.

არსებობს აკვარიუმის გაფორმების სხვადასხვა სტილი. მათ შორის ყველაზე პოპულარულია:

მინიმალისტური

მინიმალისტური სტილი დეკორაციების მინიმალურ გამოყენებას გულისხმობს. როგორც წესი, ასეთი დიზაინი შემოიფარგლება გრუნტითა და რამოდენიმე მსხვილი ქვით. მინიმალისტურ ინტერიერს დიდი ზომის თევზები უხდება. აკვარიუმის ამგვარი გაფორმება სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ მისი პატრონი გემოვნებას მოკლებული ან ზარმაცი ადამიანია. ჯერ ერთი, გემოვნებაზე არ დაობენ და ამგვარ დიზაინს თავისი ხიბლი აქვს. ზოგჯერ მინიმალისტური ინტერიერი აუცილებელია, ვინაიდან ზოგიერთი თევზი გამოკვეთილი ფიტოფაგია და მცენარეულობას პირწმინდად ანადგურებს. არსებობს თევზები, რომელთაც გრუნტის გადათხრა უყვართ, რის გამოც მცენარეებს ფესვები უზიანდება. ასევე, შეიძლება საქმე გვქონდეს ბიოტოპურ აკვარიუმთან, რომლის ბინადრები ბუნებრივ გარემოში სწორედ ასეთი რელიეფის პირობებში არიან შეჩვეულნი არსებობას.

აკვარიუმის მინიმალისტური დიზაინი

ბუნებრივი

აკვასკეიპინგის ბუნებრივი სტილი ცდილობს აკავრიუმში შექმნას ხმელეთის გარკვეული ნაწილის (მთა, ტყე, ჭალა, ხეობა) დაპატარავებული ასლი. კომპოზიციის შესაქმნელად გამოიყენება ნატურალური მასალები: ქვები, ხის ტოტები, ცოცხალი მცენარეები. თევზების როლი ასეთ აკვარიუმში მეორეხარისხოვანია. ისინი მხოლოდ ავსებენ კომპოზიციას, მაგრამ ძირითადი აქცენტი წყალქვეშა პეიზაჟზეა გადატანილი.

ბუნებრივი აკვარიუმი

იაპონური

მინიმალიზმისა და ლაკონურობისკენ აქვს მიდრეკილება ბუნებრივი აკვასკეიპის იაპონური სტილის ერთ-ერთ მიმდინარეობას, რომელსაც ივაგუმი ეწოდება. სტანდარტული მინიმალისტური სტილისგან განსხვავებით, აქ აქტიურად გამოიყენება მცენარეულობა. ივაგუმი სათავეს იაპონური მებაღეობის კულტურიდან იღებს და ემყარება ქვების განლაგების გარკვეულ წესებს. ასეთ აკვარიუმში სივრცის დიდი ნაწილი დეკორაციებისგან თავისუფალი რჩება. კომპოზიცია მოკლებულია ფერების მკვეთრ ცვლას და აქცენტს მოკრძალებულობაზე აკეთებს.

ივაგუმი

ჰოლანდიური

ჰოლანდიური სტილი გულისხმობს სხვადასხვა სახეობისა და ფერის სააკვარიუმე მცენარეების გამოყენებას ნამდვილი წყალქვეშა ბაღის შესაქმნელად. კომპოზიციაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ღეროვანი მცენარეები, რომელთა 10-15 სახეობას ჯგუფ-ჯგუფად რგავენ. ისინი განთავსებულია იარუსებად: უკანა კედელთან ყველაზე ტანმაღალ სახეობებს რგავენ, საშუალო სიმაღლის ბუჩქებს აკვარიუმის ცენტრალურ ნაწილში ათავსებენ, ხოლო წინა პლანს ტანდაბალ მცენარეებს უთმობენ. ასეთი განლაგება პერსპექტივისა და სიღრმის უჩვეულო ეფექტს ქმნის. მცენარეებს ირჩევენ ფერისა და ტექსტურის მიხედვით, რაც ქმნის ფოკუსირების წერტილებს, რომლებიც იზიდავს დამკვირვებლის ყურადღებას. ჰოლანდიურ აკვარიუმში მცენარეების ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია დიდი რაოდენობით სასუქებისა და მიკროელემენტების შეტანა. ასევე აუცილებელია დამატებით CO2-ის მიწოდება.

ჰოლანდიური აკვარიუმი

ბიოტოპური

აკვარიუმი-ბიოტოპი კონკრეტული გეოგრაფიული ზონის წყალქვეშა ლანდშაფტის მცირე მოდელია. ასეთი აკვარიუმი იმავდროულად შეიძლება იყოს კოლექციური (ერთი ოჯახის რამოდენიმე სახეობის თევზები) ან სახეობრივი (ერთი ან ბიოლოგიურად ერთმანეთთან ახლო მდგომი რამოდენიმე სახეობის თევზები). ბიოტოპურ აკვარიუმში ყოველ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება, ვინაიდან მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ შერჩეული თევზების თანამოსახლეობას, არამედ მათი ბუნებრივი არეალის მაქსიმალურად მიმსგავსებული პირობების შექმნას. ეს ეხება როგორც მცენარეებს, ასევე გრუნტს, დეკორაციებს, განათებასა და წყლის შემადგენლობას.

ბიოტოპური აკვარიუმი

კონცეპტუალური

კონცეპტუალური აკვარიუმი მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევს აკვარიუმისტის ფანტაზიასა და სურვილებს. მაგალითად, შესაძლებელია ფსკერი მთვარის ან მარსის ზედაპირის მსგავსად მოაწყოთ, ან თანამედროვე მეგაპოლისის მოდელირება მოახდინოთ. ხშირად კონცეპტუალურ აკვარიუმებში ფიგურურებს ჩაძირული ფრეგატები, ანტიკური ეპოქის ტაძრები ან ზღაპრული მოტივები. არ დაივიწყოთ, რომ წყალქვეშა ლანდშაფტის ნებისმიერი დიზაინის შემუშავებისას აუცილებლად უნდა დავიცვათ ბალანსი აკვარიუმის სილამაზესა და მისი ბინადრებისთვის კომფორტული საარსებო პირობების შექმნას შორის.

აკვარიუმის გაფორმება