აკვარიუმის სამგანზომილებიანი ფონები
კედელთან განთავსებული აკვარიუმის უკანა მინას ხშირად აკრავენ ხელოვნურ ფონს. ამისთვის რამოდენიმე მიზეზი არსებობს: აკვარიუმის უკან განლაგებული კედელი ან შპალერი ულამაზოდ ჩანს, უკანა მინა გარედან გასაწმენდად მიუდგომელია და დროთა განმავლობაში მასზე გროვდება მტვერი და წყლის წვეთების აორთქლების ადგილებში დარჩენილი მარილის თეთრი კვალი, მუქ ფონზე თევზების უმეტესობის შეფერილობა უფრო გამოკვეთილია. თუ აკვარიუმი ოთახის კუთხეში დგას, ფონს აკრავენ ასევე ერთ-ერთ გვერდითა მინაზე; ნიშაში ჩადგმულ აკვარიუმს – უკანა და ორივე გვერდითა მინაზე.
ფონი მინას შეიძლება მიეკრას როგორც გარედან, ასევე შიგნიდან. ყველაზე გავრცელებულია გარე განთავსების თვითწებვადი ფონები წყლის მცენარეების, ჩაძირული ხეებისა და წყალქვეშა რიფების გამოსახულებით – მარტივი და იაფი მაგრამ იმავდროულად, ყველაზე ბანალური და ნაკლებეფექტური გადაწყვეტილება. პროფესიონალი აკვარიუმისტების წრეში ამგვარი ფონების ხმარება ცუდ ტონად ითვლება, ვინაიდან ისინი არაბუნებრივად გამოიყურება: პერსპექტივის შეუთავსებლობა და ჭრელი ფერები ნაკლებეფექტურს ხდის დეკორაციებს და ხელს უშლის თევზების შეფერილობის გამოკვეთას.

უკანა ფონის ბიუჯეტურ ვარიანტებს შორის საუკეთესოდ ითვლება ერთტონიანი თვითწებვადი ფერადი ქაღალდი (ორაკალი). აკვარიუმისტიკაში უმეტესად ღია ცისფერ ან ნახევრადგამჭვირვალე ნაცრისფერ ორაკალს იყენებენ. საკმაო პოპულარობით სარგებლობს ლურჯი და შავი ფერის ფონებიც.

ყველაზე შთამბეჭდავ ეფექტს ახდენს აკვარიუმის სამგანზომილებიანი (3D) მოცულობითი ფონები წყალქვეშა კლდეების ან გამოქვაბულების, მდინარის ან ტბის ფსკერის ზუსტი იმიტაციით. მასიური ექსტერიერის მიუხედავად, ასეთი ფონები საკმაოდ მსუბუქია. მზადდება ინერტული მასალით, იღებება ინერტული საღებავით. მაღალი ხარისხის სამგანზომილებიანი ფონები უძლებს მნიშვნელოვან მექანიკურ ზემოქმედებას: გაწმენდისა და წყალმცენარეების ფენის მოცილების პროცესში არ ზიანდება და სრულად ინარჩუნებს ვიზუალს. სპეცშეკვეთით დამზადებული მოცულობითი ფონების უკანა მხარეს გათვალისწინებულ ნიშებში შესაძლებელია აკვარიუმის აპარატურის სრულად დამალვა.

მოცულობითი ფონების მინუსებიდან უნდა აღინიშნოს საკმაოდ მაღალი ფასი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ 3D ფონები ძირითადად დიდი ზომის განიერ აკვარიუმებში გამოიყენება, ვინაიდან ბუნებრივი ეფექტისა და დეტალიზაციის შენარჩუნება მოითხოვს, რომ ფონი საკმაოდ სქელი იყოს (2-22 სმ), რაც აკვარიუმის ხილვადი სიგანის მნიშვნელოვან შემცირებას იწვევს.
