აკვარიუმის სამგანზომილებიანი ფონი Aquadecor
Aquadecor-ის მოცულობითი სამგანზომილებიანი (3D) ფონები ძირითადად დიდ აკვარიუმებში გამოიყენება. განსაკუთრებით აქტუალურია მათი გამოყენება მაღალი აკვარიუმებისთვის, სადაც ვერ ხერხდება ზედა ნაწილის ხარისხიანი დეკორირება სტანდარტული ფონებითა და დეკორაციებით. აკვადეკორის ყოველი ცალკეული ფონი სპეცშეკვეთით მზადდება და იდეალურად მოერგება კონკრეტული აკვარიუმის უკანა და გვერდითა კედლებს.

დამზადების სპეციალური ტექნოლოგიის წყალობით, ფონი მაქსიმალურად მოქნილი და მსუბუქია, ხოლო შეფერილობა და ტექსტურა არ კარგავს თავის თვისებებს სააკვარიუმე პირობებში (მათ შორის ზღვის აკვარიუმებშიც) გამოყენებისას. Aquadecor-ის ფონებზე ვრცელდება მწარმოებლის მიერ გაცემული საგარანტიო ვადა: 20 წლიდან – სამუდამომდე.
დეტალიზაციის ხარისხის მიხედვით, ფონების სისქე მერყეობს 2-დან 20 სმ-მდე. ნებისმიერი ზომის თხელი ფონების განთავსება შესაძლებელია განივი სარტყლების მქონე აკვარიუმებშიც. იგივე ტიპის აკვარიუმებში განსათავსებლად, სქელი ფონები, დამზადების შემდეგ რამოდენიმე ნაწილად იყოფა. სწორად დამონტაჟებული ამგვარი ფონების ნაწილების შეწებების ადგილები პრაქტიკულად შეუმჩნეველია. ზოგიერთი მოდელის ფონები არ მოითხოვს მინაზე მიწებებას და მათი განთავსება შესაძლებელია მოქმედ აკვარიუმშიც.
შეკვეთით დამზადებულ ფონს კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს: მის უკანა ნაწილში გათვალისწინებულია სპეციალური ნიშები, რომლებშიც სრულად იმალება აკვარიუმის აპარატურა (გარე ფილტრებისა და გამავალი წყლის სისტემის მილები და შლანგები, სამპის შახტები, თერმორეგულატორები, აერატორები…).
სტანდარტული უკანა ფონების გარდა Aquadecor-ის ასორტიმენტი მოიცავს ფონების კონსტრუქტორებს, რომელთა შემადგენლობაში შემავალი ქვები შეიძლება განთავსდეს წინა კედელზე და სიგრძივ/განივ სარტყლებზეც კი, რაც წყალქვეშა გამოქვაბულის სრულ იმიტაციას გვაძლევს.
გარდა უკანა ფონებისა, Aquadecor-ი ამზადებს ფსკერზე დასაფენ ქვეშაგებს (განსაკუთრებით აქტუალურია აფრიკული ციხლიდების ბიოტოპური აკვარიუმებისთვის); აგრეთვე ქვების მოდულებს და დეკორირების დამატებით აქსესუარებს ხის ფესვების, ტოტების, კუნძებისა და ფოთლების სახით.
Aquadecor-ის სამგანზომილებიანი ფონები
Aquadecor-ის ფონების დამატებითი ელემენტები
