აკვარიუმის შერჩევა
თევზები კარგად იზრდებიან და მრავლდებიან ისეთ აკვარიუმში, რომელშიც შექმნილია მაქსიმალური მსგავსება მათ ბუნებრივ საარსებო პირობებთან. ზოგიერთი სახეობის თევზებს, რამოდენიმე ხნის განმავლობაში, ლიტრიან ქილაშიც კი შეუძლიათ არსებობა. თუმცა მათი ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის წყლის გაცილებით დიდი მოცულობაა საჭირო. მცირე ზომის აკვარიუმებში გაზრდის შედეგად თევზების უმეტესობა კარგავს გამრავლების უნარს. ასეთ აკვარიუმებში ხშირად ხდება წყლის ტემპერატურისა და ქიმიური შემადგენლობის მკვეთრი ცვლა (რაც ბუნებაში არ შეინიშნება), წყალში სწრაფად გროვდება ნივთიერებათა ცვლისა და საკვები ნარჩენების გახრწნის შედეგად წარმოქმნილი მავნე ნივთიერებები. ამის გამო სისუფთავის დაცვა და წყლის საჭირო პარამეტრების შენარჩუნება პატარა აკვარიუმში გაცილებით ძნელია, ვიდრე დიდში.
