აკვარიუმისტის ენციკლოპედია
თანამედროვე აკვარიუმისტიკა მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას: მტკნარი წყლისა და მლაშე წყლის (ზღვის) აკვარიუმისტიკას. წყალში გახსნილი მარილების კონცენტრაცია წარმოადგენს ძირითად, თუმცა არა ერთადერთ სხვაობას აკვარიუმისტიკის ამ მიმართულებებს შორის.
მტკნარი წყლის აკვარიუმში იმ ორგანიზმებს შეუძლიათ არსებობა, რომლებიც ბინადრობენ მტკნარი წყლის ეკოსისტემებში: მდინარე, ტბა, ჭაობი. მლაშე წყლის აკვარიუმში კი ოკეანეებისა და ზღვების ბინადრებს ათავსებენ.
ნებისმიერი აკვარიუმის მოვლა მოითხოვს გარკვეულ დროსა და ძალისხმევას. მტკნარი აკვარიუმის მოვლა შედარებით იოლია: მასში უფრო ადვილად მყარდება ბუნებრივი წონასწორობა, წყლის შეცვლის დროს საკმარისია ონკანის ნადგამი წყლის გამოყენება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მტკნარი წყლის ხელმისაწვდომი სააკვარიუმე თევზების უმეტესობა დაბადებულია და გაზრდილი აკვარიუმებში ან ხელოვნურ აუზებში, რაც განაპირობებს მათ კარგ შეგუებულობას აკვარიუმის პირობებში არსებობასთან.
ზღვის აკვარიუმის მოვლა მეტ ცოდნას, ყურადღებასა და დამხმარე ხელსაწყოებს მოითხოვს, ვინაიდან მისი ბინადრები უფრო მგრძნობიარენი არიან წყლის თვისებების ცვლილების მიმართ. ზღვის თევზების უმეტესობა აკვარიუმში ხვდება უშუალოდ ზღვიდან (და არა თევზების გასამრავლებელი ფერმიდან), რის გამოც აუცილებელია მათი კარანტინიზაციისა და აკვარიუმის პირობებთან აკლიმატიზაციის პროცედურების გავლა.
ზღვის აკვარიუმის გამართვა და მოვლა, ფინანსური თვალსაზრისით, მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული და აკვარიუმისტისგან მეტ გამოცდილებას მოითხოვს. დამწყები აკვარიუმისტისთვის ზღვის აკვარიუმის მოვლა ძალზედ რთული საქმეა. ზღვის აკვარიუმის გამართვამდე უმჯობესია გარკვეული გამოცდილების მიღება მტკნარი აკვარიუმის მოვლაში.
