გუპი ენდლერი
Poecilia wingei
გუპი ენდლერი განუმეორებელი ექსტერიერის მქონე, პატარა ზომის, ადვილად მოსავლელი თევზია. მისი სამშობლოა ვენესუელა. ბუნებრივ ფორმის სხეული ვერცხლისფერი ან ოქროსფერია. სელექციონერების მიერ გამოყვანილია ამ თევზის მრავალი ჯიში, რომელთა მამრები განსხვავდებიან როგორც სხეულის ფორმით, ასევე შეფერილობით.
მოვლა
უკეთესია, თუ აკვარიუმში გეყოლებათ ენდლერების გუნდი (6-10 ეგზემპლარიდან) იმ გათვლით, რომ ყოველ მამრზე მოდიოდეს 2-3 მდედრი. ამ შემთხვევაში მამრების მიერ საპირისპირო სქესისადმი (ხშირად ზედმეტად შემაწუხებელი) ყურადღება უფრო მეტ ობიექტზე გადანაწილდება. წყლის მოცულობის მიმართ მომთხოვნნი არ არიან და მშვენივრად ეგუებიან ნანოაკვარიუმების მინიმალურ ზომებს. იდეალური საარსებო პირობები: T: 23-26 °C, dH: 10-25°, pH: 6,5-8,5. თუმცა ნორმალური ზრდა-განვითარება ტემპერატურებისა და წყლის ქიმიური პარამეტრების უფრო ვრცელ დიაპაზონში შეუძლიათ. მთავარია, რომ ამ პარამეტრების ცვლა ხდებოდეს თანდათან და არა ერთბაშად. ამიტომ რეკომენდირებულია წყლის შეცვლა მოვახდინოთ ხშირად, მაგრამ მცირე პორციებით. ფილტრაციისას ყურადღება უნდა მიექცეს აკვარიუმში დაბრუნებული წყლის ნაკადს, რომელიც არ უნდა იყოს მძლავრი.

კვება
გუპი ენდლერი სიამოვნებით მიირთმევს ნებისმიერი სახის საკვებს. თევზის მცირე ზომების გამო უკეთესი იქნება არ ვკვებოთ იგი მსხვილი ცოცხალი საკვებით (მაგალითად, კოღოს მატლით). ბუნებაში მისი რაციონის მნიშვნელოვან ნაწილს მცენარეული საკვები შეადგენს. ამიტომ აკვარიუმის პირობებშიც პერიოდულად საჭიროა მცენარეული დანამატების მიწოდება ან მცენარეული კომპონენტების შემცველი მშრალი საკვების შერჩევა.
გამრავლება
მამრი შედარებით მცირე ზომისაა და გაცილებით უფრო ლამაზად არის შეფერილი. მდედრი ვერცხლისფერი ან ოქროსფერია, ფარფლები შედარებით მოკლე აქვს. მამრის ანალური ფარფლი წაწვეტებულია, მდედრის – მომრგვალებული. სქესობრივ სიმწიფეს 2-3 თვის ასაკში აღწევენ. მომწიფების სისწრაფე მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია გარემო პირობებზე, განსაკუთრებით – ტემპერატურაზე.
მდედრი ბადებს 5-25 სრულიად ჩამოყალიბებულ ლიფსიტას. უმეტეს შემთხვევაში მშობლები არ ერჩიან ახალშობილებს. მშობლის ინსტინქტი ამ თევზს არ გააჩნია და ლიფსიტების მიმართ არავითარ მზრუნველობას არ იჩენს. ლიფსიტებს დაბადებისთანავე შეუძლიათ წვრილი მშრალი საკვების ან არტემიის მიღება. მშობიარობებს შორის ინტერვალი საშუალოდ 22-24 დღეს შეადგენს. დაბადებიდან 3-5 კვირის ასაკში ლიფსიტები იწყებენ შეფერვას. მათი სხეული ფერთა საბოლოო გამას 6 თვის ასაკისთვის ავლენს.

ეს საინტერესოა
პირველად ეს თევზი აღმოაჩინეს 1937 წელს. წლების განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ სახეობა გადაშენდა. 40 წლის შემდეგ იგი ხელახლა აღმოაჩინა პროფესორმა ჯონ ენდლერმა. თევზმა პოპულარობა მოიპოვა აკვარიუმისტების წრეში, სადაც მას ენდლერის გუპის სახელწოდებით იცნობენ.
მდედრის სხეულში ერთჯერადად მოხვედრილი სპერმის ნაწილი ქვირითს ანაყოფიერებს, ნაწილი კი ინახება. ამის შემდეგ, მამრობითი სქესისგან იზოლაციის შემთხვევაში, მდედრს შეუძლია ლიფსიტების 3 თაობა დაბადოს. ეს უნარი თევზს ევოლუციის პროცესში ჩამოუყალიბდა და გარემოს ცუდ პირობებთან ერთგვარ შეგუებულობას წარმოადგენს. გუპის მამრი მდედრზე გაცილებით სუსტი და ნაკლებად სიცოცხლისუნარიანია. გარემო პირობების გაუარესებას მდედრი ბევრად უკეთესად იტანს, მამრები კი შეიძლება დაიღუპონ. ასეთ დროს მდედრი მამრის გარეშეც ინარჩუნებს გამრავლებისა და სახეობის გადარჩენის უნარს.
ძალზედ მცირე ზომის აკვარიუმებში ენდლერის გუპის მდედრები ტერიტორიულ და ერთმანეთის მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებასაც კი იჩენენ. ნანოაკვარიუმებში უმჯობესია ერთი მდედრისა და რამოდენიმე მამრის, ან მხოლოდ მამრების ყოლა.
