გუპი
Poecilia reticulata
გუპი ყველაზე პოპულარული სააკვარიუმე თევზია. მისი მოვლა დამწყებ აკვარიუმისტსაც კი შეუძლია. სხეულის სხვადასხვა ფორმისა და მრავალნაირი შეფერილობის მქონე, მშვიდობიანი, მხიარული, მოძრავი, სხვებთან ადვილად თავსებადი თევზია. არსებობს მისი ხელოვნურად გამოყვანილი მრავალი ჯიში, რომელთა შორის გარეგნული სხვაობა ძალზედ დიდია. კონკრეტული ჯიშის ფარგლებშიც კი ძნელია ორი ერთნაირი მამრის მოძებნა.
ვინაიდან გუპის მოვლა პრაქტიკულად ყველას შეუძლია, ხშირად ჰგონიათ, რომ იგი მხოლოდ ახალბედა აკვარიუმისტების ინტერესს იწვევს. ეს მცდარი მოსაზრებაა, ვინაიდან მრავალი გამოცდილი აკვარიუმისტი-სელექციონერი დაკავებულია გუპის ახალი ჯიშების გამოყვანით. მსოფლიოს მარავალ ქვეყანაში არსებობს გუპის მოყვარულთა კლუბები, ყოველწლიურად ეწყობა მხოლოდ ამ სახეობისადმი მიძღვნილი ლოკალური და საერთაშორისო გამოფენები და კონკურსები.
გუპის სამშობლოა სამხრეთ და ცენტრალური ამერიკა. მისი ველური ფორმა მონაცრისფროა. სხეულსა და ფარფლებზე სხვადასხვა ფერის ლაქები აქვს. სელექციური ფორმების უმეტესობისგან განსხვავებით, ბუნებაში გავრცელებული გუპის მამრის კუდის ფარფლი სტანდარტული ზომისაა. ბინადრობს არა მხოლოდ მტკნარ, არამედ მომლაშო და ზღვის მლაშე წყალშიც. ვინაიდან ეს თევზი გარემო პირობებთან მაღალი შეგუებულობით გამოირჩევა და ბუნებაში მის ძირითად საკვებს მწერები და მათი მატლები წარმოადგენს, იგი მალარიის კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ჩაასახლეს მსოფლიოს სხვადასხვა წყალსატევში, სადაც უმეტესად შეძლო ადაპტირება და დღესდღეობით გუპი უკვე 5 კონტინენტზეა გავრცელებული.
მოვლა
უკეთესია, თუ აკვარიუმში გეყოლებათ გუპის გუნდი (6-10 ეგზემპლარიდან) იმ გათვლით, რომ ყოველ მამრზე მოდიოდეს 2-3 მდედრი. ამ შემთხვევაში მამრების მიერ საპირისპირო სქესისადმი (ხშირად ზედმეტად შემაწუხებელი) ყურადღება უფრო მეტ ობიექტზე გადანაწილდება. აკვარიუმის პირობებში გუპისთვის იდეალური იქნება შემდეგი პარამეტრები: T: 23-27 °C, dH: 10-25°, pH: 6,0-8,5. თუმცა ნორმალური ზრდა-განვითარება ტემპერატურებისა და წყლის ქიმიური პარამეტრების გაცილებით ვრცელ დიაპაზონში შეუძლია. მთავარია, რომ ამ პარამეტრების ცვლა ხდებოდეს თანდათან და არა ერთბაშად. ტემპერატურის მკვეთრი მერყეობა სხვადასხვა დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს. pH მაჩვენებლის სწრაფი ცვლილება იწვევს მდედრების უნაყოფობას და მარაოსებრი კუდის მქონე მამრების კუდის ფარფლის კიდეების დაკბილვას, ადგილ-ადგილ დასერვას ან მთელ სიგრძეზე გაპობას.
აკვარიუმის მოცულობისადმი მომთხოვნი არ არის. თუმცა შეზღუდულ სივრცეში გაზრდილი თევზი ვერასოდეს მიაღწევს მაქსიმალურ ზომებს ან გარეგნული სილამაზის პიკს. გუპისთვის კომფორტული პირობების შექმნისთვის აკვარიუმის მინიმალური სიგრძე არანაკლებ 40 სმ-ისა უნდა იყოს. თითო მამრზე უნდა გავთვალოთ მინიმუმ 1-1,5 ლ წყალი, მდედრზე – 2-3 ლ. კარგი აერაციისა და ფილტრაციის შემთხვევაში ჩასმის სიმჭიდროვე შეიძლება 2-3-ჯერ გავზარდოთ. 100 ლიტრიან აკვარიუმში გუპის 300-მდე მამრი შეიძლება ცხოვრობდეს; თუ აკვარიუმში არ არის გრუნტი და ფსკერი სისტემატიურად იწმინდება ექსკრემენტებისა და საკვების ნარჩენებისგან – 400-მდე მამრი.
კვება
ვინაიდან ბუნებაში გუპის ძირითად საკვებს წარმოადგენს კოღოსნაირები და მათი მატლები, აკვარიუმის პირობებში საუკეთესო ვარიანტი იქნება საკვებად გამოვიყენოთ კოღოს წითელი მატლი. თუმცა ცნობილია, რომ ერთფეროვან საკვებზე გაზრდილ თევზებს სუსტი იმუნიტეტი აქვთ და ვერ ავლენენ შეფერილობის მაქსიმუმს. ამიტომ სასურველია პერიოდულად მივაწოდოთ სხვა ცოცხალი, ხოლო ზამთრის პერიოდში – გაყინული საკვები. გუპი მშრალ საკვებსაც სიამოვნებით მიირთმევს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ საკვები მრავალფეროვანი იყოს. თევზებისთვის საკვების მწარმოებელ თითქმის ყველა კომპანიას არსენალში აქვს სპეციალიზირებული მშრალი საკვები გუპისთვის, რომელიც შეიცავს მისი ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელ ყველა ძირითად კომპონენტს.
სპეციალისტების უმეტესობა გვირჩევს გუპის საკვები მივაწოდოთ მცირე პორციებით და ხშირად – დღეში მინიმუმ 3-ჯერ.
გამრავლება
მამრი შედარებით მცირე ზომისაა და გაცილებით უფრო ლამაზად არის შეფერილი. მდედრისგან განსხვავდება მარაოსებრი კუდით. მამრის ანალური ფარფლი წაწვეტებულია, მდედრის – მომრგვალებული. სქესობრივ სიმწიფეს 3-5 თვის ასაკში აღწევს. მომწიფების სისწრაფე მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია გარემო პირობებზე, განსაკუთრებით – ტემპერატურაზე.
ახასიათებს შინაგანი განაყოფიერება. ქვირითი მდედრის სხეულში ვითარდება. ლიფსიტებს იმავე აკვარიუმში ბადებს, რომელშიც ბინადრობს. მაგრამ ამ შემთხვევაში ლიფსიტების უმეტესობა სხვა თევზების ან თავად მშობლების მსხვერპლი ხდება. ამიტომ, როდესაც მდედრის მუცლის უკანა ნაწილი შავ შეფერილობასა და სწორკუთხა ფორმას მიიღებს, რეკომენდირებულია მისი ცალკე რეზერვუარში გადასმა. ეს შეიძლება იყოს ცოცხალმშობი თევზებისთვის განკუთვნილი სპეციალიზირებული სამშობიარო, სხვა აკვარიუმი ან უბრალოდ 3-5 ლიტრიანი ქილა. გუპის არ გააჩნია დედობრივი ინსტინქტი და შეიძლება შეჭამოს ლიფსიტები. ამიტომ რეზერვუარის ფსკერზე უნდა მოთავსდეს წვრილფოთლიანი მცენარეები, რათა ლიფსიტებმა შეძლონ დედისგან დამალვა. სასურველია ტემპერატურის სტანდარტულთან შედარებით 1-2 °C-ით მომატება. მდედრი აჩენს სრულიად ჩამოყალიბებულ ლიფსიტებს. პროდუქტიულობა (10-180 ლიფსიტა) დამოკიდებულია მდედრის ასაკსა და ზომაზე. სასიცოცხლო პირობებიდან გამომდინარე მშობიარობებს შორის ინტერვალი 1-დან 2 თვემდე მერყეობს. ლიფსიტები საკმაოდ მსხვილია და თავისუფლად იკვებებიან არტემიის ნაუპლიებით. კარგად გამოკვებილ ლიფსიტებში სქესი 2 კვირის ასაკიდან ირჩევა.

ეს საინტერესოა
გუპი პირველად აღწერეს და პეცილიისებრთა ოჯახს მიაკუთვნეს 1859 წელს. მისი ლათინური სახელწოდებაა Poecilia reticulala, რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც ბადისებრი პეცილია. მაშ საიდან გაჩნდა სახელი გუპი? 1866 წელს ინგლისელმა მღვდელმა გვარად Guppy (ორიგინალში ჟღერს როგორც გაპი. ასევე ჟღერს თევზის სახელწოდება ინგლისურენოვან ქვეყნებში.) ამ თევზის რამოდენიმე ეგზემპლარი ტრინიდადიდან ლონდონის მუზეუმში გააგზავნა. მუზეუმის დირექტორმა შეცდომით ჩათვალა, რომ ეს სახეობა აქამდე აღწერილი არ იყო და მიაკუთვნა მას სახელი Girardinus guppy. სანამ შეცდომა აღმოაჩინეს, თევზმა უკვე მოასწრო სახელის გათქმა და ყველა ქვეყნის აკვარიუმისტთა შორის ამჟამად მოიხსენიება როგორც გუპი.
გუპისთვის კომფორტული სასიცოცხლო პირობების ერთგვარ ინდიკატორად მიჩნეულია ინდური გვიმრა. თუ იგი ფსკერზე კარგად იზრდება, ე.ი. პირობები კომფორტულია გუპის არსებობისთვის. შეუსაბამო პირობების შემთხვევაში გვიმრას ფესვები ულპება და ფსკერს წყდება. ეს მიუთითებს, რომ აკვარიუმში გუპიც არაკომფორტულად გრძნობს თავს.
მდედრის სხეულში ერთჯერადად მოხვედრილი სპერმის ნაწილი ქვირითს ანაყოფიერებს, ნაწილი კი ინახება. ამის შემდეგ, მამრობითი სქესისგან იზოლაციის შემთხვევაში, მდედრს შეუძლია ლიფსიტების 6-დან 11 თაობამდე დაბადოს. ეს უნარი თევზს ევოლუციის პროცესში ჩამოუყალიბდა და გარემოს ცუდ პირობებთან ერთგვარ შეგუებულობას წარმოადგენს. გუპის მამრი მდედრზე გაცილებით სუსტი და ნაკლებად სიცოცხლისუნარიანია. გარემო პირობების გაუარესებას მდედრი ბევრად უკეთესად იტანს, მამრები კი შეიძლება დაიღუპონ. ასეთ დროს მდედრი მამრის გარეშეც ინარჩუნებს გამრავლებისა და სახეობის გადარჩენის უნარს.
მდედრის სხეულში ქვირითის განვითარება ხდება მხოლოდ კვერცხუჯრედში (ქვირითში) არსებული საკვები ნივთიერებების გამოყენებით. განაყოფიერებული ქვირითის განვითარების მთელი პერიოდის განმავლობაში საკვები ნივთიერებები დედის სხეულიდან ქვირითში არ გადადის.
