კუდმახვილა
Xiphophorus
კუდმახვილას გვარში თევზების რამოდენიმე სახეობაა გაერთიანებული. მათ შორის აკვარიუმებში ყველაზე გავრცელებულია კუდმახვილა ჰელერი (Xiphophorus hellerii). სამშობლო – ცენტრალური და ჩრდილოეთ ამერიკა. ბინადრობს როგორც სწრაფ მდინარეებში, ასევე ტბებსა და ტბორებში. ადვილად მოსავლელი, მშვიდობიანი, მოძრავი თევზია. რეკომენდირებულია დამწყები აკვარიუმისტებისთვის. იწვევს სელექციონერების დიდ ინტერესს. გამოყვანილია სხვადასხვა შეფერილობის მქონე სელექციური ფორმები, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს წითელი კუდმახვილა.
მოვლა
კუდმახვილა კარგად გრძნობს თავს საშუალო და დიდი ზომის აკვარიუმებში. მისი სხეულის სწორი განვითარებისთვის აკვარიუმის მინიმალური სიგრძე უნდა იყოს 80 სმ. მამრი (თუ მახვილის სიგრძეს არ ჩავთვლით) აკვარიუმებში 10 სმ-მდე იზრდება, მდედრი – 12 სმ-მდე. ხშირად მამრი ზედმეტად აწუხებს მდედრს. უკეთესია გყავდეთ ერთი მამრი და რამოდენიმე მდედრი. ამ შემთხვევაში მამრის ყურადღება რამოდენიმე ობიექტზე გადანაწილდება. სხვა თევზების მიმართ აგრესიას არასოდეს ავლენენ, მაგრამ გუნდში მამრებს შორის იერარქიული დამოკიდებულებაა: ძლიერი ყოველთვის ავიწროვებს, დასდევს და შესაძლოა ფიზიკური ტრავმაც კი მიაყენოს სუსტს. თუ კუდმახვილების გუნდის შეძენას აპირებთ, აუცილებლად იყოლიეთ ორზე მეტი მამრი, რათა დომინანტის აგრესია რამოდენიმე ობიექტზე გადანაწილდეს. ამ შემთხვევაშიც აქტუალურად რჩება სქესებს შორის რაოდენობრივი თანაფარდობა (2-3 მდედრი ყოველ მამრზე). წყლის პარამეტრები: T: 22-28 °C, dH: 8-20°, pH: 7,0-8,0.
კვება
მშვენივრად არის ადაპტირებული აკვარიუმში არსებობის პირობებთან. სიამოვნებით მიირთმევს როგორც ცოცხალ, ასევე მშრალ საკვებს. ბუნებაში კუდმახვილას რაციონის მნიშვნელოვან ნაწილს წყალმცენარეები შეადგენს. ამიტომ საკვებში აუცილებელია მცენარეული კომპონენტების დამატება. მშრალი საკვების შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს მასში მცენარეული წარმოშობის პროდუქტების შემცველობას.

გამრავლება
მამრის ანალური ფარფლი წაწვეტებულია, მდედრის – მომრგვალებული. მამრს კუდზე აქვს მახვილის ფორმის გრძელი გამონაზარდი (თუმცა ზოგიერთი სახეობის მამრებს მახვილი მოკლე ან საერთოდ არ აქვთ). სქესობრივ სიმწიფეს 4-6 თვის ასაკში აღწევს. კუდმახვილას სქესობრივი მომწიფების სისწრაფე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებულია გარემო პირობებზე, განსაკუთრებით – ტემპერატურაზე.
ახასიათებს შინაგანი განაყოფიერება. ქვირითი მდედრის სხეულში ვითარდება. ლიფსიტებს იმავე აკვარიუმში ბადებს, რომელშიც ბინადრობს. მაგრამ ამ შემთხვევაში ლიფსიტების უმეტესობა სხვა თევზების ან თავად მშობლების მსხვერპლი ხდება. ამიტომ, როდესაც მდედრის მუცლის უკანა ნაწილი შავ შეფერილობასა და სწორკუთხა ფორმას მიიღებს, რეკომენდირებულია მისი ცალკე რეზერვუარში გადასმა. ეს შეიძლება იყოს ცოცხალმშობი თევზებისთვის განკუთვნილი სპეციალიზირებული სამშობიარო, სხვა აკვარიუმი ან უბრალოდ 3-5 ლიტრიანი ქილა. კუდმახვილას არ გააჩნია მშობლის ინსტინქტი და შეიძლება შეჭამოს ლიფსიტები. ამიტომ რეზერვუარის ფსკერზე უნდა მოთავსდეს წვრილფოთლიანი მცენარეები, რათა ლიფსიტებმა შეძლონ დედისგან დამალვა. სასურველია ტემპერატურის სტანდარტულთან შედარებით 1-2 °C-ით მომატება. მდედრი აჩენს სრულიად ჩამოყალიბებულ ლიფსიტებს. პროდუქტიულობა (20-200 ლიფსიტა) დამოკიდებულია მდედრის ასაკსა და ზომაზე. სასიცოცხლო პირობებიდან გამომდინარე მშობიარობებს შორის ინტერვალი 1-დან 2 თვემდე მერყეობს. ლიფსიტები საკმაოდ მსხვილია და თავისუფლად იკვებებიან არტემიის ნაუპლიებით. ლიფსიტებში სქესი 3-4 თვის ასაკიდან ირჩევა.

ეს საინტერესოა
მიუხედავად იმისა, რომ აკვარიუმებში გავრცელებული კუდმახვილა ჰელერის წარმომადგენლების 90% წითელი ფერისაა, ამ თევზის მეორე სახელწოდებაა «მწვანე კუდმახვილა», ვინაიდან მისი ბუნებრივი ფორმა მოყავისფრო-მწვანეა. წითელი ფორმა კი აკვარიუმის პირობებში სხვა სახეობებთან შემთხვევითი შეჯვარებებისა და სელექციური მუშაობის შედეგია.
მდედრის სხეულში ერთჯერადად მოხვედრილი სპერმის ნაწილი ქვირითს ანაყოფიერებს, ნაწილი კი ინახება. ამის შემდეგ, მამრობითი სქესისგან იზოლაციის შემთხვევაში, მდედრს შეუძლია ლიფსიტების რამოდენიმე თაობამდე დაბადოს. ეს უნარი თევზს ევოლუციის პროცესში ჩამოუყალიბდა და გარემოს ცუდ პირობებთან ერთგვარ შეგუებულობას წარმოადგენს. კუდმახვილას მამრი მდედრზე სუსტი და ნაკლებად სიცოცხლისუნარიანია. გარემო პირობების გაუარესებას მდედრი ბევრად უკეთესად იტანს, მამრები კი შეიძლება დაიღუპონ. ასეთ დროს მდედრი მამრის გარეშეც ინარჩუნებს გამრავლებისა და სახეობის გადარჩენის უნარს.

გარემო პირობების გაუარესების ან მამრებისგან იზოლაციის შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ზოგიერთი მდედრი კუდმახვილას მამრად გარდაქმნა. ასეთი მდედრის ანალური ფარფლი წვეტიანი ხდება, ხოლო კუდზე ზრდას იწყებს მახვილი. მამრად გარდაქმნილი მდედრი უმეტესად უნაყოფოა. თუმცა ზოგჯერ აქვს შთამომავლობის მოცემის უნარი: მის მიერ განაყოფიერებული მდედრი ბადებს ლიფსიტებს, რომელთა შორის თითქმის ყოველთვის მხოლოდ მდედრობითი სქესის ინდივიდებია. თუმცა ცნობილია შემთხვევები, როდესაც თაობაში 10-20%-მდე მამრები იყო.
თაობაში სქესების თანაფარდობა დამოკიდებულია გარემო პირობებზე. (დასაშვების ფარგლებში) მაღალი ტემპერატურისა და დაბალი pH მაჩვენებლის შემთხვევაში თაობაში მეტია მამრების რაოდენობა.
შავი კუდმახვილას მდედრების 99% სტერილურია და მხოლოდ 1%-ს შეუძლია გამრავლება.
