მოლინეზია

Poecilia sphenops

მშვიდობიანი
მოვლა – ადვილი
მამრი: 8 სმ
მდედრი: 12 სმ
ცოცხლობს – 5 წლამდე
აკვარიუმი – საშუალო
კვება (ცხ/მც) – 60% / 40%
T: 24-28 °C
dH: 8-35°
pH: 7,0-8,0

მოლინეზია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სააკვარიუმე თევზია. სამშობლო – ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა. ძირითადად ბინადრობს ზღვაში ჩამდინარე მდინარეების დაბოლოებებში, სადაც მტკნარი და მლაშე წყლების შერევა ხდება. ადვილად მოსავლელი, მშვიდობიანი, მოძრავი თევზია. რეკომენდირებულია დამწყები აკვარიუმისტებისთვის. იწვევს სელექციონერების დიდ ინტერესს. გამოყვანილია სხვადასხვა შეფერილობის მქონე სელექციური ფორმები, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს შავი მოლი (Black Molly).

მოვლა

კარგად გრძნობს თავს საშუალო და დიდი ზომის აკვარიუმებში. მისი სხეულის სწორი განვითარებისთვის აკვარიუმის მინიმალური სიგრძე უნდა იყოს 60 სმ. მამრი მოლინეზია აკვარიუმებში 8 სმ-მდე იზრდება, მდედრი – 12 სმ-მდე. თუ აკვარიუმში მამრების რაოდენობა ჭარბობს, ხშირად ისინი ზედმეტად აწუხებენ მდედრებს. უკეთესია, თუ თითო მამრზე მოდის 2-3 მდედრი. ამ შემთხვევაში მამრის ყურადღება რამოდენიმე ობიექტზე ნაწილდება. სხვა თევზების მიმართ აგრესიას არასოდეს ავლენენ.

უყვარს თბილი წყალი: თუ ტროპიკული თევზების უმეტესობისთვის 23-26 °C იდეალური შუალედია, მოლინეზიისთვის 24 °C კომფორტული არსებობისთვის აუცილებელი მინიმალური ნიშნულია. უკეთესად გრძნობს თავს ხისტ წყალში სუსტი ტუტე რეაქციით (საქართველოს რეგიონების უმეტესობაში სწორედ ასეთი წყალია). კარგად იტანს მომლაშო წყალსაც. წყლის პარამეტრები: T: 24-28 °C, dH: 8-35°, pH: 7,0-8,0.

კვება

მშვენივრად არის ადაპტირებული აკვარიუმში არსებობის პირობებთან. სიამოვნებით მიირთმევს ცოცხალ, მცენარეულ და მშრალ საკვებს. მოლინეზიისთვის საკვებში მცენარეული კომპონენტების დამატება აუცილებელია. მშრალი საკვების შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს მასში მცენარეული წარმოშობის პროდუქტების შემცველობას. თუ აკვარიუმის საერთო მოსახლეობიდან გამომდინარე არ ხერხდება მოლის კვება შერეული ტიპის საკვებით, აუცილებელია კვირაში 1-2 დღე მცენარეული მშრალი საკვების ან ბოსტნეულის (ფოთლოვანი სალათა, კიტრი, ბარდა) მიწოდება.

molinezia-banner-1

გამრავლება

მამრის ანალური ფარფლი წაწვეტებულია, მდედრის – მომრგვალებული. მდედრი სქესობრივ სიმწიფეს 5-6 თვის, ხოლო მამრი კი 8-12 თვის ასაკში აღწევს.

ახასიათებს შინაგანი განაყოფიერება. ქვირითი მდედრის სხეულში ვითარდება. ლიფსიტებს იმავე აკვარიუმში ბადებს, რომელშიც ბინადრობს. მაგრამ ამ შემთხვევაში ლიფსიტების უმეტესობა სხვა თევზების ან თავად მშობლების მსხვერპლი ხდება. ამიტომ, როდესაც მდედრის მუცლის უკანა ნაწილი შავ შეფერილობას (შავი მოლისა და მუქი შეფერილობის მქონე სხვა მოლინეზიებში ეს პარამეტრი არააქტუალურია) და სწორკუთხა ფორმას მიიღებს, რეკომენდირებულია მისი ცალკე რეზერვუარში გადასმა. ეს შეიძლება იყოს ცოცხალმშობი თევზებისთვის განკუთვნილი სპეციალიზირებული სამშობიარო, სხვა აკვარიუმი ან უბრალოდ 3-5 ლიტრიანი ქილა. მოლინეზიას არ გააჩნია მშობლის ინსტინქტი და შეიძლება შეჭამოს ლიფსიტები. ამიტომ რეზერვუარის ფსკერზე უნდა მოთავსდეს წვრილფოთლიანი მცენარეები, რათა ლიფსიტებმა შეძლონ დედისგან დამალვა. სასურველია ტემპერატურის სტანდარტულთან შედარებით 1-2 °C-ით მომატება. მდედრი აჩენს 6-8 მმ სიგრძის სრულიად ჩამოყალიბებულ ლიფსიტებს. პროდუქტიულობა (50-350 ლიფსიტა) დამოკიდებულია მდედრის ასაკსა და ზომაზე. მშობიარობებს შორის ინტერვალი 30-45 დღეს შეადგენს. ლიფსიტები საკმაოდ მსხვილია და თავისუფლად იკვებებიან არტემიის ნაუპლიებით. მოლინეზიების სქესი 2-3 თვის ასაკიდან ირჩევა.

molinezia-banner-2

ეს საინტერესოა

ადრე გამოყოფდნენ მოლინეზიების ცალკე გვარს, მასში შემავალი რამოდენიმე მსგავსი სახეობით. ამ მომენტისთვის, ოფიციალურ სისტემატიკაში გვარი გაუქმებულია, ხოლო მასში შემავალი სახეობები გადატანილია პეცილიების გვარში.

მდედრის სხეულში ერთჯერადად მოხვედრილი სპერმის ნაწილი ქვირითს ანაყოფიერებს, ნაწილი კი ინახება. ამის შემდეგ, მამრობითი სქესისგან იზოლაციის შემთხვევაში, მდედრს შეუძლია ლიფსიტების რამოდენიმე თაობამდე დაბადოს. ეს უნარი თევზს ევოლუციის პროცესში ჩამოუყალიბდა და გარემოს ცუდ პირობებთან ერთგვარ შეგუებულობას წარმოადგენს. მამრი მოლინეზია მდედრზე სუსტი და ნაკლებად სიცოცხლისუნარიანია. გარემო პირობების გაუარესებას მდედრი ბევრად უკეთესად იტანს, მამრები კი შეიძლება დაიღუპონ. ასეთ დროს მდედრი მამრის გარეშეც ინარჩუნებს გამრავლებისა და სახეობის გადარჩენის უნარს.

molinezia-banner-3

ზოგჯერ სრულიად შავი მშობლების შთამომავლობაში იბადება რამოდენიმე თეთრი ლიფსიტა. ეს განპირობებულია წინაპრების გენების გამოვლენითა და სახეობაში ალბინოსური ფორმის არსებობით. თეთრმა ლიფსიტებმა, ზრდასთან ერთად, შესაძლოა შეიცვალონ შეფერილობა: მათ სხეულზე ჩნდება მუქი ლაქები, რომელთა რაოდენობა და ზომა თევზის ასაკთან ერთად მატულობს.

მოლინეზია Black Molly და სხვა სააკვარიუმე თევზები შეგიძლიათ შეიძინოთ Nautilus-ის ონლაინ მაღაზიაში
მოლინეზია