ჟანგბადი

თევზები სუნთქავენ წყალში გახსნილი ჟანგბადით (O2). ზოგიერთ თევზს ატმოსფერული ჰაერით სუნთქვაც შეუძლია. წყლის ბინადრებისთვის ჟანგბადის წყაროს წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერი და წყლის მცენარეები. ჰაერიდან წყალში O2 მნიშვნელოვანი რაოდენობით მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადის, თუ აკვარიუმის ზედაპირის ფართობი დიდია, ხოლო წყლის სვეტის სიმაღლე – უმნიშვნელო. მაგრამ ასეთი აკვარიუმები, როგორც წესი, მხოლოდ თევზების გასამრავლებლად და ლიფსიტების გასაზრდელად გამოიყენება. ჰაერში არსებული ჟანგბადი დეკორატიულ აკვარიუმებში მხოლოდ წყლის ზედა ფენებში იხსნება. ქვედა შრეებში კი O2 უმნიშვნელო რაოდენობით აღწევს.

აკვარიუმის წყალში ჟანგბადის უკმარისობას ჰაერის კომპრესორისა და წყლის ფილტრის გამოყენება აკომპენსირებს. პატარა და საშუალო ზომის აკვარიუმებში საუკეთესო შედეგს იძლევა ოქსიდატორის გამოყენება.

ჟანგბადი აკვარიუმში

აკვარიუმში ჟანგბადის მოხმარების მნიშვნელოვანი წილი მოდის ორგანული ნარჩენების დამშლელ საპროფიტულ მიკროორგანიზმებსა და ნიტრიფიკაციის პროცესში მონაწილე ბაქტერიებზე. რაც მეტია O2-ს კონცენტრაცია წყალში, მით უკეთესად მიმდინარეობს აკვარიუმში აზოტის ციკლი. O2-ს უკმარისობის შემთხვევაში კი ორგანული ნარჩენების დაშლის მაგივრად ხდება მათი ლპობა და გახრწნა.

გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, ლაბირინთოვან თევზებს (მამლაყინწა, გურამი, ლალიუსი, მაკროპოდი) არ სჭირდებათ აკვარიუმში ჟანგბადის დამატებით მიწოდება. ეს მცდარი შეხედულებაა. ლაბირინთოვნებს შეუძლიათ ატმოსფერული ჰაერით სუნთქვა და უშუალოდ მათთვის არ არის კრიტიკული, თუ რამდენად არის გაჯერებული წყალი ჟანგბადით. მაგრამ აკვარიუმში ბიობალანსის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების პროცესში მონაწილე ბაქტერიების მოქმედება სრულად არის დამოკიდებული წყალში გახსნილი ჟანგბადის კონცენტრაციაზე.

აკვარიუმის აერაცია

ჟანგბადის დეფიციტის პირობებში მოხვედრილი თევზები კარგავენ მადას, უჭირთ მიღებული საკვების გადამუშავება, უქვეითდებათ ორგანიზმის ზრდა და იმუნიტეტი. უვითარდებათ ანემია, მიდრეკილნი ხდებიან ტუბერკულოზისა და სხვა გადამდები დაავადებებისადმი.

წყალში გახსნილი ჟანგბადის მაქსიმალური კონცენტრაცია წყლის ტემპერატურაზეა დამოკიდებული. T-ს მატებასთან ერთად, მნიშვნელოვნად მცირდება წყალში O2-ის ხსნადობა. რაც მეტია გარემოს ტემპერატურა, მით უფრო აქტიურად მიმდინარეობს თევზის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი. მარტივად რომ ვთქვათ, მაღალი T-ს პირობებში თევზი მეტს ჭამს და მეტს გამოყოფს. ასევე მატულობს ორგანიკის დამშლელი და ნიტრიფიკატორი ბაქტერიების მოქმედება, ვინაიდან მაღალი ტემპერატურის პირობებში მათი სასიცოცხლო ციკლი ჩქარდება და აზოტოვანი ნივთიერებების გადამუშავებისთვის მეტი ჟანგბადი სჭირდებათ. ამავე დროს კი, ტემპერატურის მატებასთან ერთად, კლებულობს წყალში ჟანგბადის ხსნადობა. შესაბამისად, თუ ზაფხულის პერიოდში წყალი ნორმაზე მეტად თბება, საჭიროა აერაციის გაძლიერება.

აკვარიუმის პირობებში წყალში გახსნილი ჟანგბადის ოპტიმალური კონცენტრაციაა 5-10 მგ/ლ. O2-ის არსებული კონცენტრაცია შეგვიძლია დავადგინოთ სააკვარიუმე ტესტების დახმარებით. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში საკმარისია დავაკვირდეთ თევზების (გარდა ლაბირინთოვანი თევზებისა და ზოგიერთი სახეობის ლოქოს) ქცევას: ჟანგბადის უკმარისობის პირობებში ისინი ხშირად ჩერდებიან წყლის ზედაპირთან და პირით აქტიურად ჩაისუნთქავენ ჰაერს. ვინაიდან ჰაერში O2-ის შემცველობა გაცილებით მაღალია, თევზის მიერ ატმოსფერული ჰაერის რამოდენიმე საათის განმავლობაში ჩასუნთქვა ლაყუჩების დამწვრობას იწვევს, რაც სასაუნთქი სისტემის სერიოზულ ტრავმას წარმოადგენს და ხშირად თევზის სიკვდილით მთავრდება.

ჟანგბადის კონცენტრაცია მტკნარი წყლის აკვარიუმში