ტემპერატურა

თევზები ცივსისხლიანი არსებებია. მათი სხეულის ტემპერატურა (T) დამოკიდებულია გარემოს (წყლის) ტემპერატურაზე. წყლის ტემპერატურა განაპირობებს თევზის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესებისა და ნივთიერებათა ცვლის ხასიათსა და ტემპს: T-ს მომატებისას ამ პროცესების სიჩქარე იზრდება, ხოლო დაწევისას – მცირდება.

თევზების ყოველი სახეობისთვის მისაღებია ტემპერატურის გარკვეული დიაპაზონი, რომლის ზევით და ქვევით ისინი იღუპებიან. ზოგიერთ შემთხვევაში T-ს მნიშვნელოვნად დაწევისას თევზებს შეუძლიათ გააგრძელონ არსებობა, მაგრამ ავადდებიან ან კარგავენ გამრავლების უნარს.

აკვარიუმის წყლის ტემპერატურა

ბუნაბაში, განსაკუთრებით მცირე ზომის წყალსატევებში, შეინიშნება ტემპერატურის მერყეობა დღე-ღამის განმავლობაში, რაც გამოწვეულია დღისით წყლის გათბობით, ხოლო ღამით – მისი გაცივებით. ასეთი მერყეობა თევზებისთვის სასარგებლოა სააკვარიუმე პირობებშიც, თუ T-ს ცვლილება ხდება ნელ-ნელა და სხვაობა დღის მაქსიმალურ და ღამის მინიმალურ ტემპერატურებს შორის არ აღემატება 2-3 °C-ს. გამრავლების პერიოდში ეს სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 1 °C-ს. ბუნებრივ წყალსატევში ზოგჯერ T-ს მერყეობის ამპლიტუდა შეიძლება 10 გრადუსზე მეტსაც კი შეადგენდეს. აკვარიუმის პირობებში მსგავსი რამ დაუშვებელია. ბუნებაში ასეთ შემთხვევაში თევზები გადაადგილდებიან ოპტიმალური ტემპერატურის მქონე წყლის ფენებში. აკვარიუმში კი მათ ამის შესაძლებლობა არ აქვთ.

ხშირად აკვარიუმის თევზებს ყოფენ თბილი წყლის (ტროპიკულ) და ცივი წყლის თევზებად. ასეთი დაყოფა ძალზედ პირობითია. ცივი წყლის თევზებისთვის ოპტიმალური ტემპერატურული დიაპაზონია 15-24 °C. ტროპიკული თევზებისთვის – 23-27 °C. შესაბამისად, ორივე ჯგუფისთვის დასაშვებია 23-24 °C ტემპერატურა. გარდა ამისა, ცივი წყლის თევზებში უმეტესად ოქროს თევზსა და მის ნაირსახეობებს გულისხმობენ, რომელთა დიდი ნაწილისთვის (ტელესკოპი, ორანდა, ლომთავა, რანჩუ…) საარსებო ტემპერატურული ოპტიმუმია 22-28 °C. ოქროს თევზის ნაირსახეობების ტროპიკულ თევზებთან თანაარსებობას რეკომენდაციას არ უწევენ ძირითადად იმ სხვაობების გამო, რომელიც განპირობებულია ამ თევზების კვებისა და ქცევის თავისებურებებით (და არა ტემპერატურული რეჟიმის შეუთავსებლობით).

აკვარიუმის თერმორეგულატორი

მაღალი ტემპერატურის პირობებში (საუბარია დასაშვებ ტემპერატურულ დიაპაზონზე) თევზი მეტს ჭამს, სწრაფად ინელებს საკვებს და მალე იზრდება. მაგრამ დაბალი ტემპერატურის პირობებში (დასაშვების ფარგლებში) გაზრდილი თევზები უფრო მკაფიო შეფერილობით გამოირჩევიან. წყლის ტემპერატურის მომატება თევზების უმეტესობისთვის გამრავლების პროცესის მასტიმულირებელია (თუმცა ზოგიერთი სახეობების – მაგალითად, ლოქოების გარკვეული ჯგუფებისთვის მასტიმულირებელია დაბალი T). ამიტომ მაღალი ტემპერატურის პირობებში გაზრდილი თევზებისგან შედარებით რთულია შთამომავლობის მიღება. მაღალი T-ს პირობებში თევზის ორგანიზმში ჩქარდება დაბერების პროცესი და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა კლებულობს. ეს მომენტი განსაკუთრებით კრიტიკულია იმ სახეობებისთვის, რომლებსაც გენეტიკურად გაწერილი აქვთ სიცოცხლის მოკლე პერიოდი (მაგალითად, ნეონებისთვის).

წყლის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისას თევზები შოკურ მდგომარეობაში ვარდებიან. თბილი წყლიდან ცივ წყალში გადასმის დროს ისინი ნელა დაცურავენ და ძლივს ამოძრავებენ ფარფლებსა და ლაყუჩების სახურავებს, ან უმოძრაოდ ჩერდებიან ფსკერთან, რის შემდეგაც ხშირად იღუპებიან. ცივი წყლიდან თბილ წყალში გადასმის დროს თევზები ძალზედ სწრაფად იწყებენ ცურვას, ეჯახებიან აკვარიუმის კედლებს და ზოგჯერ ხტებიან კიდეც წყლიდან. ამ უსიამოვნო მოვლენების თავიდან ასაცილებლად, თევზის გადასმა ერთი ჭურჭლიდან მეორეში უნდა მოვახდინოთ მაშინ, როცა მათში არსებული წყლების ტემპერატურებს შორის არ იქნება დიდი სხვაობა. ტროპიკული თევზების თბილი წყლიდან ცივ წყალში გადაყვანის დროს T-ს სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 2 °C-ს. ხოლო ცივიდან თბილ წყალში გადაყვანისას – 4 °C-ს. ძალზედ ნაზი სახეობებისა და ლიფსიტებისთვის ეს სხვაობა ორჯერ ნაკლები უნდა იყოს.

Eheim თერმორეგულატორი
ლაბირინთოვანი თევზებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წყლის, არამედ ჰაერის ტემპერატურაც, ვინაიდან ისინი სუნთქავენ არა მხოლოდ წყალში გახსნილი ჟანგბადით, არამედ ატმოსფერული ჰაერითაც. წყლის ტემპერატურაზე გაცილებით მაღალი ან დაბალი T-ს მქონე ჰაერის ჩასუნთქვა ამ თევზებში იწვევს ლაბირინთოვანი ორგანოს დახშობას და თევზი იგუდება.

აკვარიუმში წყლის ოპტიმალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად გამოიყენება თერმორეგულატორები, ქულერები და ჩილერები. თერმორეგულატორი შედგება გამათბობელი ელემენტისა და თერმოსტატისგან. ძირითადად გამოიყენება წლის ცივ პერიოდში, ვინაიდან ხელსაწყოს შეუძლია მხოლოდ გაათბოს წყალი. შესაბამისად, იგი უზრუნველყოფს საჭირო ტემპერატურის დაცვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოთახის T თერმოსტატზე მითითებულ T-ზე ნაკლებია. არსებობს შიდა და გარე განთავსების თერმორეგულატორები. შიდა თერმორეგულატორი უშუალოდ აკვარიუმში თავსდება და მისაწოვრების საშუალებით მაგრდება მინაზე. როგორც წესი, შიდა თერმორეგულატორების გამათბობელი ელემენტი მოთავსებულია მინის კორპუსში. ზოგჯერ კორპუსს მოყვება პლასტმასის დამცავი ჩარჩო.თუ აკვარიუმში დიდი ზომის აგრესიული თევზი ბინადრობს, უმჯობესია შეიძინოთ გამათბობელი ლითონის კორპუსით.

Aquael თერმორეგულატორი

გარე გამოყენების თერმორეგულატორი მონტაჟდება გარე ფილტრის დამაბრუნებელ შლანგზე. ფილტრიდან გამომავალი წყალი გაივლის გამათბობელ ელემენტს, გათბება საჭირო ტემპერატურამდე და ჩაედინება აკვარიუმში. სააკვარიუმე აპარატურის მწარმოებელ მოწინავე ბრენდებს არსენალში აქვთ თერმოფილტრები – გარე ფილტრი თერმორეგულატორით. Eheim-ი აწარმოებს შიდა განთავსების თერმორეგულატორებსა და თერმოფილტრებს ელექტრონული მართვით. სპეციალური პროგრამის საშუალებით შესაძლებელია საჭირო ტემპერატურის მითითება, გამათბობლის ჩართვა-გამორთვა ტაიმერის მიხედვით ან ღამის საათებში ტემპერატურის დაწევა.

აკვარიუმის გამდინარე თერმორეგულატორი
თერმორეგულატორი არის ხელსაწყო, რომელზეც არ ღირს ფულის დაზოგვა. აკვარიუმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, წყლის ტემპერატურა – ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ფაქტორია. თუ გამათბობელი ელემენტი ზამთრის პერიოდში გამოვიდა მწყობრიდან, წყლის ტემპერატურა შესაძლოა რამოდენიმე საათში ჩამოსცდეს თევზებისთვის დასაშვებ მინიმალურ ნიშნულს. დაბალი ხარისხის თერმორეგულატორებს ხშირად უზიანდება თერმოსტატი, რის შემდეგაც გამათბობელი ელემენტი მუდმივად ჩართულ მდგომარეობაში რჩება და წყალი «დუღილამდე» მიყავს.

თუ ოთახში არ არის დამონტაჟებული ჰაერის კონდიციონერი, ზაფხულში აკვარიუმის წყლის ტემპერატურა შეიძლება მნიშვნელოვნად ასცდეს დასაშვებ მაქსიმუმს. წყლის გაგრილებისთვის გამოიყენება ქულერი. იგი წარმოადგენს სპეციალურ კორპუსში განთავსებულ ერთ ან რამოდენიმე ვენტილატორს (იგივე ქულერები, რომლებიც კომპიუტერების გასაგრილებლად გამოიყენება). ქულერი უბერავს ჰაერს წყლის ზედაპირის გასწვრივ. გაგრილება ხორციელდება წყლის აორთქლების ხარჯზე. ამის გამო აკვარიუმი ხშირად და დიდი რაოდენობით საჭიროებს წყლის დამატებას. ბრენდული ქულერები დაკომპლექტებულია მართვის ბლოკითა და წყლის ტემპერატურის დეტექტორით: თუ წყლის ტემპერატურა მითითებულ ნიშნულს ჩამოსცდება, მართვის ბლოკი ავტომატურად გათიშავს ქულერს.

აკვარიუმის ქულერი

ქულერებს აქვს ორი მინუსი: 1. არ არსებობს სრულიად უხმაურო ქულერი. რაც უფრო მძლავრია ქულერი, მით უფრო ხმაურიანად მუშაობს. 2. ქულერები გათვლილია მცირე და საშუალო ზომის აკვარიუმებზე. დიდი ზომის აკვარიუმების გასაგრილებლად გამოიყენება ჩილერები.

ჩილერი წარმოადგენს ჰაერის კონდიციონერის ანალოგს აკვარიუმის წყლისთვის. კონდიციონერის მსგავსად მასში გამოიყენება მაცივარაგენტი. ჩილერი თავსდება აკვარიუმის სადგამ-კარადაში, გარე ფილტრის გვერდზე და უკავშირდება მის გამომავალ შლანგს. ფილტრიდან გამომავალი წყალი გაივლის ჩილერში, გრილდება საჭირო ტემპერატურამდე და ჩაედინება აკვარიუმში.

აკვარიუმის ჩილერი

ეჰაიმი, როგორც ყოველთვის, აკვარიუმის თერმორეგულაციის პროცესებში ყველაზე წინ წავიდა და შექმნა «კლიმატკონტროლის» აპარატი: ჩილერი + თერმორეგულატორი, რომელიც ასევე გარე ფილტრის სისტემაში ერთვება და ზამთარშიც და ზაფხულშიც ინარჩუნებს მითითებულ ტემპერატურას 0,5 °C-ის სიზუსტით.

ტროპიკული თევზების უმეტესობისთვის ოპტიმალური ტემპერატურული დიაპაზონია 23-27 °C. სხვადასხვა სახეობის თევზების თანაარსებობისას იდეალურ ნიშნულად თვლება 25 °C. სააკვარიუმე აპარატურის მოწინავე მწარმოებლები ამზადებენ თერმორეგულატორებს ფიქსირებული ტემპერატურით 25 °C. ერთი მხრივ, ასეთი ხელსაწყო კომფორტულია, ვინაიდან არ გიწევთ თერმოსტატზე საჭირო ნიშნულის მითითება. მაგრამ ფიქსირებული ტემპერატურის გამათბობელი არ გაძლევთ საშუალებას გაზარდოთ წყლის ტემპერატურა თევზების გამრავლებისა და მკურნალობის, ლიფსიტების ზრდის პერიოდში.

ტემპერატურა მტკნარი წყლის აკვარიუმში