მტკნარი წყლის აკვარიუმის თევზები
ჩვენ საიტზე აკვარიუმის თევზების ჯგუფებად დაყოფის შესახებ განთავსებული ინფორმაცია პირობით ხასიათს ატარებს. გადავწყვიტეთ არ შეგაწყინოთ თავი თევზების სრული ბიოლოგიური სისტემატიკის შესწავლით. მოყვარული აკვარიუმისტისთვის არ არის სავალდებულო თევზების კლასებისა და რაზმების ზუსტი სახელწოდებების ცოდნა. გამოვყავით მტკნარი წყლის თევზების მხოლოდ ძირითადი ოჯახები და სახეობები, რომელთა წარმომადგენლებიც ხშირად გვხვდება აკვარიუმებში.
თუმცა სისტემატიკის საკითხებს სრულად მაინც ვერ ავცდებით. თევზების მრავალ სახეობას აქვს ქვესახეობები, შეფერილობით, სხეულის ფორმით, ზომითა და სხვა ნიშნებით განსხვავებული ვარიაციები. ყოველწლიურად ცნობილი ხდება თევზების 500-მდე ახალი სახეობა, ხოლო სელექციონერებს გამოყავთ აკვარიუმის თევზების ახალი ჯიშები.
საქართველოში აკვარიუმისტიკა პოპულარული გახდა საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში. შესაბამისად, მრავალი თევზის სახელწოდებაც რუსული ენიდან შემოვიდა, წლების განმავლობაში ცვლილება განიცადა და საბოლოოდ ბარბარიზმად ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, ზოგიერთ თევზს სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიებენ, რაც ხშირად აბნევს როგორც ახალბედა, ასევე გამოცდილ აკვარიუმისტებს. ჩვენი საიტის ფორუმზე გახსნილია შესაბამისი თემა, სადაც ქართველ აკვარიუმისტებთან ერთად თევზების ყოველი დასახელებისთვის ვცდილობთ შესაბამისი ქართული ეკვივალენტის მოძებნას. საიტის სტატიებში კი ყოველი სახეობის თევზს მხოლოდ ერთი კონკრეტული სახელწოდებით მოვიხსენიებთ და ვიმედოვნებთ, რომ იგი წარმატებით დაინერგება ქართველი აკვარიუმისტების მომავალ თაობებში.
