მტკნარი წყლის პარამეტრები
ყოველი წყალსატევის წყალს სხვადასხვა ფიზიკური და ქიმიური თვისებები აქვს. აკვარიუმისტიკაში წყლის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლებია: ტემპერატურა (T); ჟანგბადის (O2), ნახშირორჟანგის (CO2), გოგირდწყალბადის (H2S), აზოტისა (N2) და მისი შენაერთების კონცენტრაცია; წყალბადის მაჩვენებელი ანუ მჟავიანობა (pH), კარბონატული სიხისტე (kH) და საერთო სიხისტე (gH).
სხვადასხვა სახეობის თევზებს, უხერხემლოებსა და მცენარეებს სხვადასხვა პარამეტრების მქონე წყალი ესაჭიროება. სწორი ადაპტირების შემთხვევაში, თევზების უმეტესობა აკვარიუმში ადვილად ეგუება წყლის ისეთ პარამეტრებს, რომელიც არ არის დამახასიათებელი მისი ბუნებრივი არეალისთვის. უფრო მნიშვნელოვანია შექმნილი გარემოს სტაბილურობის შენარჩუნება: აკვარიუმში არ უნდა ხდებოდეს ტემპერატურის, მჟავიანობის ან სიხისტის მკვეთრი ცვლა. ეს პირველ რიგში ეხება წყლის ნაწილობრივი შეცვლის მომენტებს. ასევე მნიშვნელოვანია გამოირიცხოს პარამეტრების მკვეთრი მერყეობა თევზის ერთი აკვარიუმიდან მეორეში გადაყვანის დროს (ზოომაღაზიიდან ტრანსპორტირება, სხვა ქალაქიდან ან საზღვარგარეთიდან ჩამოყვანა).
