პეცილიისებრნი
შეფერილობის სილამაზემ, სხეულის მცირე ზომებმა, გარემო პირობებისადმი კარგმა შეგუებულობამ და უპრობლემო გამრავლებამ განაპირობა პეცილიისებრთა ოჯახის წარმომადგენლების პოპულარობა აკვარიუმისტიკაში. დამწყებ აკვარიუმისტებს სწორედ ამ ჯგუფის წარმომადგენლებს ურჩევენ, როგორც ყველაზე უპრეტენზიო, ამტან და ამავე დროს – ლამაზ თევზებს. პეცილიისებრთა ოჯახს მიეკუთვნება ყველაზე პოპულარული სააკვარიუმე თევზი – გუპი.
ოჯახში დაახლოებით 350 სახეობის ცოცხალმშობი თევზია გაერთიანებული. მათი სამშობლო სამხრეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის მტკნარი, ნაწილობრივ მლაშე და ზღვის წყლებია. დღესდღეობით გავრცელებულნი არიან 5 კონტინენტზე. მტკნარ წყალში ბინადარი სახეობები მშვენივრად იტანენ ნაწილობრივ მლაშე წყალს, რასაც აკვარიუმისტები ამ თევზების სამკურნალოდ იყენებენ (მტკნარი წყლის პარაზიტების უმეტესობა მლაშე წყალში იღუპება).
უმეტესად გუნდური თევზებია. მკაფიო შეფერილობა და სხეულის დამახასიათებელი ლაქები ეხმარებათ თავისივე სახეობის წარმომადგენლების პოვნასა და მათთან ერთად გუნდებად ჩამოყალიბებაში. გუნდში ლიფსიტები სწავლობენ საპირისპირო სქესის ინდივიდების გარჩევასა და აღქმას. ლიფსიტები, რომლებიც დაბადებიდანვე ცალ-ცალკე ან მხოლოდ იმავე სქესის წარმომადგენლებთან ერთად იზრდებიან, მოკლებულნი არიან საპირისპირო სქესის აღქმის უნარს.

თევზების ამ ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელია ფორმოზა, რომლის მამრი მხოლოდ 2 სმ სიგრძის იზრდება. ყველაზე დიდი ზომისაა ბელონესოქსი, რომლის მდედრი 20 სმ-მდე სიგრძეს აღწევს. ეს უკანასკნელი გარეგნულად ქარიყლაპიას გავს და მტაცებლის ნირით გამოირჩევა. თუმცა პეცილიისებრთა უმეტესობა მშვიდობიანი, მხიარული, გუნდური თევზებია. პატარა თევზები მინიმალური ზომის აკვარიუმებშიც კარგად გრძნობენ თავს. უყვართ მცენარეულობით მჭიდროდ დასახლებული უბნები. განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურებიან წვრილფოთლიანი მცენარეების ფონზე.
ზომით მამრი მდედრზე პატარაა და გამოირჩევა მეორადი სასქესო ნიშნებით: კუდმახვილას მამრის კუდის ფარფლის ქვედა სხივების წაგრძელებით წარმოქმნილი «მახვილი», ველიფერას მამრის ზურგის მაღალი ფარფლი, გუპის მამრის კუდის გადიდებული ფარფლი. მდედრს ანალური ფარფლი მომრგვალებული ფორმის აქვს, მამრს – წამახვილებული.

ახასიათებთ კარგი შეგუებულობა აკვარიუმის პირობებისადმი და დიდად არ არიან მომთხოვნნი წყლის ხარისხისადმი. უყვართ ხისტი წყალი ნეიტრალური ან ძლიერ სუსტი-ტუტე რეაქციით. სახეობათა უმეტესობისთვის იდეალური საარსებო პირობებია: T: 24 ± 2°С, dH: 10-20°, рН: 7,0-8,0. ბუნებაში ძირითადად იკვებებიან ცხოველური საკვებით (მწერებითა და მათი მატლებით), არ ამბობენ უარს მცენერეულ დანამატებზეც. ზოგიერთი სახეობისთვის მცენარეული საკვები რაციონის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს, რომლის გარეშეც მათი ზრდა-განვითარება ირღვევა. აკვარიუმებში სიამოვნებით მიირთმევენ მშრალ საკვებს.
პეცილიისებრნი 3-8 წელი ცოცხლობენ. სქესობრივ სიმწიფეს 3-5 თვის ასაკში აღწევენ. ყოველ 1-3 თვეში ერთხელ მდედრი ბადებს საკმაოდ დიდ, სრულიად ჩამოყალიბებულ ლიფსიტებს, რომელთა გამოზრდა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. მშობლები არ ზრუნავენ შთამომავლობაზე. უფრო მეტიც: თუ ლიფსიტამ დამალვა ვერ მოახერხა, თავისივე მშობლის ლუკმა ხდება. ცოცხალმშობი თევზებისთვის აკვარიუმისტები ხშირად იყენებენ სპეციალურ «სამშობიაროებს», რომლებშიც დაბადებისთანავე ხდება ლიფსიტების მდედრისგან იზოლირება.

პროდუქტიულობა უმეტესად 50 ლიფსიტამდე აღწევს. თუმცა ვრცელ აკვარიუმებში გაზრდილი მსხვილი სახეობების მდედრებს 400 ლიფსიტამდე შეუძლიათ დაბადონ. სხეულის ღია შეფერილობის შემთხვევაში ფეხმძიმე მდედრს მუცლის უკანა ნაწილში მოუჩანს მუქი ლაქა, რომელიც მშობიარობამდე რამოდენიმე დღით ადრე შავდება. ამ დროისთვის მდედრის მუცელი იბერება და თითქმის სწორკუთხა ფორმას ღებულობს.
მდედრის სხეულში ლიფსიტა ქვირითის სახით ვითარდება. ქვირითის ლიფსიტად გარდაქმნა უშუალოდ დაბადების წინ ხდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც ტემპერატურის მკვეთრი მატება ან ახალი წყლის დიდი რაოდენობით დამატება ასტიმულირებს ნაადრევ მშობიარობას. ამ დროს მდედრის სხეულიდან განუვითარებელ ლიფსიტები ან ქვირითი გამოდის. განვითარებისთვის იდეალური პირობების არსებობისას მათი ნაწილი შეიძლება გადარჩეს. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ასეთი ლიფსიტები და ქვირითი იღუპება.
ეს თევზები პოპულარობით სარგებლობენ არა მხოლოდ დამწყებ, არამედ პროფესიონალ აკვარიუმისტთა შორის. მათი შეფერილობა, სხეულისა და ფარფლების ფორმა და ზომა ადვილად იცვლება მიზანმიმართული სელექციის შემთხვევაში. სელექციონერებს ყოველწლიურად გამოყავთ გუპების, კუდმახვილებისა და მოლინეზიების ახალ-ახალი ჯიშები. პეცილიისებრნი დიდ ინტერესს იწვევენ სამეცნიერო წრეებშიც. სწრაფი სქესობრივი მომწიფების, ხშირი გამრავლებისა და გენეტიკური ცვლილებებისადმი მიდრეკილების გამო მათ ხშირად ირჩევენ გენეტიკური და სელექციური ცდების ჩასატარებლად.
