ვიდრე აკვარიუმს შეიძენთ
აკვარიუმი უნდა მოათავსოთ მუდმივ ადგილზე. არ არის რეკომენდირებული მისი ხშირი გადაადგილება. ამან შეიძლება გამოიწვიოს მინების შემაერთებელი ნაკერის დაზიანება, რასაც მოსდევს აკვარიუმიდან წყლის გაჟონვა.
შემდგომი კომფორტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია განათავსოთ აკვარიუმი ისეთ სიმაღლეზე, რომელიც მასზე სასიამოვნო დაკვირვების საშუალებას მოგცემთ. საუკეთესო ვარიანტად ითვლება, როცა აკვარიუმის სიმაღლის ცენტრი დამკვირვებლის თვალის სიმაღლეზე მოდის. ეცადეთ თავიდანვე განსაზღვროთ, თუ საიდან ამჯობინებთ წყლის ბინადრებზე დაკვირვებას და აკვარიუმიც შესაბამის სიმაღლეზე განათავსეთ.

თავი შეიკავეთ ძალზედ მაღალი აკვარიუმის შეძენისგან. მაქსიმალურ ზღვრად ჯობს მიიჩნიოთ 65-70 სმ. უფრო მაღალი აკვარიუმის მომსახურება მნიშვნელოვან სიძნელეებს შეგიქმნით.
გარკვეულ სიმაღლეზე განთავსებისთვის აკვარიუმს დასჭირდება სადგამი. იგი თავისუფლად უნდა უძლებდეს სავსე აკვარიუმის წონას. ამაში იგულისხმება, რომ აკვარიუმის სადგამის ზედაპირი არ უნდა ჩაიღუნოს აკვარიუმის წონის ქვეშ. ვინაიდან ამას მოსდევს აკვარიუმის ფსკერის გაღუნვა და გაბზარვა.

თუ დიდი აკვარიუმის დადგმა გადაწყვიტეთ, ალბათ გაინტერესებთ, გაუძლებს თუ არა იატაკი დატვირთვას. სამშენებლო ნორმების მიხედვით, საცხოვრებელი ფართის იატაკი უნდა უძლებდეს 800-1200 კგ დატვირთვას ყოველ კვადრატულ მეტრზე. თუ თქვენი აკვარიუმის სიმაღლე 70 სანტიმეტრს არ აღემატება, სიგრძისა და სიგანის ნებისმიერი პარამეტრების შემთხვევაში უშიშრად შეგიძლიათ განათავსოთ იგი ბინაში. უმჯობესია თუ სადგამი დაეყრდნობა იატაკს არა ცალკეული ფეხებით, არამედ ქვედა ნაწილის მთელი პერიმეტრით, რაც ხელს შეუწყობს დატვირთვის თანაბრად გადანაწილებას.

აკვარიუმის განათების მართვა ყველაზე ადვილია იმ შემთხვევაში, თუ იგი ოთახის სიღრმეში დგას და საერთოდ არ ეცემა მზის შუქი. მაგრამ თევზების მრავალი სახეობისთვის აუცილებელია ბუნებრივი სინათლე, დღეში 2-3 საათის განმავლოვაში მაინც. უმჯობესია თუ მზის შუქი აკვარიუმს გვერდიდადნ ეცემა – ასეთი განათების დროს თევზები უფრო ეფექტურად გამოიყურებიან. სასურველია აკვარიუმი არ მოვათავსოთ უშუალოდ ფანჯარასთან. ფანჯრიდან დაშორების მინიმალური რეკომენდირებული მანძილი შეადგენს 2 მ-ს. დღე-ღამის განმავლობაში აკვარიუმზე მიმართული პირდაპირი მზის სხივების მოქმედების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 სთ-ს. თუ არ ხერხდება აკვარიუმის დადგმა ფანჯრიდან მოშორებით, საჭიროა მზის პირდაპირი სხივებისგან მისი ეკრანირება სქელი ფარდების ან ჟალუზების საშუალებით.
აკვარიუმი ახლოს უნდა იყოს ელექტროობის წყაროსთან, ვინაიდან მუდმივად ან პერიოდულად დაგჭირდებათ სააკვარიუმე ელექტროხელსაწყოების გამოყენება: კომპრესორი, ფილტრი, გამათბობელი, სანათი და ა.შ.
